Pages

საქმეები 14

ახალი აღთქმა
მოციქულთა საქმეები
პავლე და ბარნაბა იკონიაში

141 იგივე მოხდა იკონიაში: ისინი შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და იმგვარად ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა. 2 ხოლო ურწმუნო იუდეველები აღიზიანებდნენ და აბოროტებდნენ წარმართთა სულებს ძმების წინააღმდეგ. 3 თუმცა ისინი საკმაო ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებსა და ახდენდა სასწაულებს. 4 გაიყო ქალაქის ერი: ერთნი იუდეველებს მიემხრნენ, სხვანი კი — მოციქულებს. 5 როცა იუდეველები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად ცდილობდნენ, რომ შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი, 6 მათ შეიტყეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში  — ლუსტრასა და დერბეში, მათ შემოგარენში, 7 და იქ ახარებდნენ.

პავლე და ბარნაბა ლისტრაში

8 ერთი კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლუსტრაში, დედის მუცლიდანვე კოჭლი იყო და არასოდეს გაევლო. 9 იგი ისმენდა პავლეს საუბარს. პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა. 10 უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული. 11 ხალხმა რომ დაინახა, თუ რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აღიმაღლა და ლუკაონურად თქვა: ღმერთები ადამიანებს დაემსგავსნენ და ჩვენთად ჩამოვიდნენო, 12 და უწოდეს ბარნაბას ზევსი და პავლეს — ჰერმესი, ვინაიდან პავლე უფროსობდა სიტყვაში. 13 ხოლო ქურუმმა ზევსის ტაძრისა, რომელიც იმ ქალაქის წინ იყო, ჭიშკართან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები და აპირებდა ხალხთან ერთად მსხვერპლის შეწირვას. 14 ეს რომ გაიგონეს, მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ, შეჰყვირეს და თქვეს: 15 „კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, და რაც მათ წიაღშია; 16 რომელმაც წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერი, რომ თავისი გზებით ევლოთ, 17 თუმცა უმოწმებლად არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს.“ 18 ამას რომ ლაპარაკობდნენ, ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.
    19 მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, დაარწმუნეს ხალხი და ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ. 20 როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, წამოდგა და წავიდა ქალაქში. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.

დაბრუნება სირიის ანტიოქიაში

21 სახარებას უქადაგებდნენ ამ ქალაქს, მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლუსტრას, იკონიას და ანტიოქიას. 22 ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს და შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა. 23 ხელი დაასხეს მათ თითოეულ ეკლესიაში უხუცესებს და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. 24 და გაიარეს პისიდია და მივიდნენ პამფილიაში. 25 და იქადაგეს პერგეში სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში. 26 იქიდან გასცურეს ანტიოქიაში, საიდანაც მიენდნენ ღვთის მადლს საქმისათვის, რომელიც შეასრულეს. 27 მოვიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს. 28 დაყვეს არამცირედი ხანი მოწაფეებთან.


თავი მეცამეტე                                                                                                                              თავი მეთხუთმეტე