ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
ქვრივისა და მსაჯულის იგავი
ფარისევლისა და მებაჟის იგავი
ბავშვების კურთხევა
მდიდარი მთავარი
იესო მესამედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე
ბრმის განკურნება იერიხოს ახლოს
თავი მეჩვიდმეტე თავი მეცხრამეტე
ლუკას სახარება
ქვრივისა და მსაჯულის იგავი
181 უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. 2 თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთ მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. 3 იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: 'დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან.' 4 დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: 'მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, 5 მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს.'“ 6 თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? 7 განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? 8 თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“
ფარისევლისა და მებაჟის იგავი
9 ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი: 10 „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად — ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. 11 ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: 'გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან — მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. 12 კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.' 13 ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: 'ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.' 14 თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“
ბავშვების კურთხევა
15 მოუყვანეს მას ყრმებიც, რომ შეხებოდა მათ. ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, აჩერებდნენ მათ. 16 იესომ დაუძახა მათ და თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. 17 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა შიგ.“
მდიდარი მთავარი
18 ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ 19 უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა. 20 იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“ 21 მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი.“ 22 ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი.“ 23 ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.
24 შეხედე მას იესომ და თქვა: „რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონელთა შესვლა ღვთის სასუფეველში! 25 ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“ 26 მსმენელებმა თქვეს: „ვიღას შეუძლია გადარჩენა?“ 27 მან თქვა: „კაცთათვის შუეძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია.“ 28 თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ 29 მან უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები, 30 და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში — საუკუნო სიცოცხლე.“
იესო მესამედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე
31 წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე. 32 რადგან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ, 33 გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.“ 34 მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს.
ბრმის განკურნება იერიხოს ახლოს
35 იერიხოს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა. 36 გამვლელი ხალხის ხმა გაიოგნა და იკითხა: „რა ამბავია?“ 37 უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდისო. 38 მაშინ მან დაიყვირა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“ 39 წინ მიმავალნი გაუწყრნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“ 40 შეჩერდა იესო და ბრძანა, მასთან მოეყვანათ. როცა იგი მიუახლოვდა, ჰკითხა: 41 „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ უთხრა: „უფალო, რომ თვალი ამეხილოს.“ 42 იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ 43 და იმწამსვე აეხილა. მიჰყვებოდა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.
თავი მეჩვიდმეტე თავი მეცხრამეტე