25 ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული — სამოსელზე? 26 შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არ ხართ? 27 რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? 28 სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. 29 მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომინიც კი, მთელს თავის დიდებაში, არ შემოსულა ისე, როგორც ერთი ამათგანი. 30 თუკი მინდვრის ბალახს, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 31 ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან: რა ვსვათ? ან რით შევიმოსოთო? 32 ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. 33 თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. 34 ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.