Pages

საქმეები 6

ახალი აღთქმა
მოციქულთა საქმეები
შვიდის ამორჩევა

61 ამ დღეებში, როცა მომრავლდნენ მოწაფეები, ატყდა გაბერძნებულთა დრტვინვა ებრაელების წინააღმდეგ, ვინაიდან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება. 2 მაშინ თორმეტმა მოიწვია მოწაფეთა სიმრავლე და უთხრა მათ: „არ შეგვშვენის ღვთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. 3 ამოირჩიეთ ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი, ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე. 4 ჩვენ კი ვიყოთ ლოცვასა და სიტყვის მსახურებაში.“ 5 მთელ სიმრავლეს მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხონი, ნიკარონი, ტიმონი, პარმენასი და გაიუდევებული ანტიოქიელი ნიკოლოზი. 6 წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ.
  7 და ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას.

სტეფანის შეპყრობა

8 სტეფანე კი, მადლით და ძალით აღსავსე დიდი სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში. 9 ადგნენ ზოგიერთები ეგრეთ წოდებულ ლიბერტინელთა, კვირინელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და კამათი დაუწყეს სტეფანეს, 10 და ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა. 11 მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსეს და ღვთის საგმობ სიტყვებს.“ 12 ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს. 13 წარმოუდგინეს ცრუ მოწმენი, რომლებიც ამბობდნენ: ეს კაცი დღენიადაგ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო. 14 ვინაიდან ჩვენ მოვისმინეთ, როგორ ამბობდა, რომ ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცაო. 15 უყურებდნენ მას ყველანი, სინედრიონში  მსხდომნი, და ხედავდნენ მის სახეს, როგორც ანგელოზის სახეს.

თავი მეხუთე                                                                                                                                        თავი მეშვიდე