Pages

საქმეები 4

ახალი აღთქმა
მოციქულთა საქმეები
პეტრე და იოანე სინედრიონის წინაშე

41 როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგენენ მათ მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველნი, 2 გაბრაზებულნი, ხალხს რომ ასწავლიდნენ და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. 3 და დაადეს ხელები მათ და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, ვინაიდან უკვე საღამოვდებოდა. 4 ბევრმა კი, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა, მათმა რიცხვმა ხუთი ათასამდე მიაღწია.
   5 მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები, 6 და ანა მღვდელმთავარი და კაიფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის მოდგმიდან. 7 შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: „რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?“ 8 მაშინ პეტრე აღივსო სულიწმიდით და უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო, 9 თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი, 10 ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელი თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. 11 ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა, და რომელიც ქვაკუთხედად იქცა. 12 სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.“ 13 როცა ხედავდნენ პეტრესა და იოანეს ესოდენ სიმტკიცეს და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნურნი და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. თანაც იცოდნენ, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ. 14 ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საწინააღმდეგოს ვერაფერს ეუბნებოდნენ: 15 უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა. 16 ამბობდნენ: „რა ვუყოთ ამ ხალხს? მათ ხელით რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ. 17 მაგრამ, უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.“ 18 დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. 19 მაგრამ პეტრემ და იოანემ მიუგეს და უთხრეს: „განსაჯეთ, მართებულია განა ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს? 20 ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.“ 21 ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად, ხალხის გამო, რადგან ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისათვის. 22 ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელზეც მოხდა განკურნების სასწაული.

მორწმუნეთა ლოცვა გამბედაობისათვის

23 ხოლო ისინი, ვინც გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარნი და უხუცესნი. 24 მათ კი, რომ მოუსმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: „ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია; 25 ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგე ალაპარაკე სულიწმიდით: 'რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას? 26 აღდგნენ მეფენი ქვეყნისა და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისის ცხებულის წინააღმდეგ.' 27 ვინაიდან ნამდვილად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, 28 რომ მოემოქმედათ ის, რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ზრახვამ. 29 ახლა კი, დაინახე, უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა, მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა, 30 როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.“ 31 როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას.

ყველაფერი საერთო

32 მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული და სული ჰქონდა, და არავინ თავის ქონებას არ უწოდებდა თავისას, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. 33 დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე. 34 არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც მინდვრების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა 35 და დებდა მოციქულთა ფერხთით და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა. 36 ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, 37 გაყიდა თავისი მინდორი, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.

თავი მესამე                                                                                                                                            თავი მეხუთე