ახალი აღთქმა
მოციქულთა საქმეები
ანანია და საფირა
მრავალი სასწაულის მოხდენა
მოციქულთა დევნა
თავი მეოთხე თავი მეექვსე
მოციქულთა საქმეები
ანანია და საფირა
51 ერთმა კაცმა კი, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან, ერთად გაყიდა მინდორი 2 და გადამალა საფასურიდან, — ეს მისმა ცოლმაც იცოდა, — ხოლო რაღაც ნაწილი მოიტანა და დადო მოციქულთა ფერხთით. 3 უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა მიწის საფასურიდან? 4 განა რაც გქონდა, შენი არ იყო, და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“ 5 ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ვინც ეს მოისმინა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა. 6 წამოდგნენ ჭაბუკები, შესუდრეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.
7 სამიოდე საათმა განვლო და შევიდა მისი ცოლიც, რომელმაც არ იცოდა რა მოხდა. 8 ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენი გაყიდეთ მიწა?“ თქვა: „დიახ, ამდენად.“ 9 პეტრემ უთხრა მას: „რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფერხნი, და შენც გაგიტანენ.“ 10 დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს მოისმინა. 11 დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს მოისმინა.
მრავალი სასწაულის მოხდენა
12 მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ერთსულოვნად ყველანი სოლომონის სტოაში. 13 დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, შეერთებოდა მათ, მაგრამ აქებდა მათ ხალხი. 14 სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი. 15 ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკეცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს. 16 ბევრნი მოდიოდნენ იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
მოციქულთა დევნა
17 აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ. 18 დაადეს ხელი მოციქულებს და საერთო საპატიმროში ჩასხეს. 19 მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა: 20 „წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.“ 21 ეს რომ მოისმინეს, განთიადისას შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანთა უხუცესების საბჭო და გაგზავნეს საპატიმროში მათ მოსაყვანად. 22 მხლებელნი რომ მოვიდნენ, ვერ ნახეს ისინი საპყრობილეში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს. 23 უთხრეს: „საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი. რომ გავაღეთ, შინ ვერავინ ვნახეთ.“ 24 ეს სიტყვები რომ ესმათ ტაძრის მცველთა უფროსსა და მღვდელმთავრებს, საგონებელს მიეცნენ, რა უნდა მომხდარიყო. 25 ვიღაც მივიდა და მოახსენა მათ: „აგერ ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ასწავლიან ხალხს.“ 26 მაშინ წავიდა მცველთა უფროსი მხლებლებთან ერთად და მოიყვანა ისინი იძულების გარეშე, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
27 მოიყვანეს სინედრიონის წინაშე და დააყენეს და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა 28 და უთხრა: „სასტიკად აგიკრძალეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით. აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს ჩვენ.“ 29 მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს. 30 ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ მოჰკალით ძელზე დაკიდებით. 31 იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება. 32 და მოწმენი ვართ ამ სიტყვებისა ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც ღმერთმა მისცა თავის მორჩილთ.“
33 ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მოინდომეს მათი დახოცვა. 34 წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივდებული, და ბრძანა, მოციქულები მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ. 35 უთხრა მათ: „კაცნო ისრაელიანნო, დაფიქრდით ამ ხალხზე, რასაც უპირებთ მათ. 36 ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი გაჰყვა მას. მაგრამ ის მოკლეს და, ყველა, ვინც მორჩილებდა მას, გაიფანტა და არარად იქცა. 37 ამის შემდეგ, აღწერის დროს, აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი გაიყოლია. ისიც დაიღუპა, და ყველა, ვინც მას მორჩილებდა, გაიფანტა. 38 ახლა გეუბნებით თქვენ: ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება, 39 ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ.“ 40 დაუჯერეს ეს და დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს. 41 ხოლო ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. 42 ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს.